საზოგადოება
13.11.2023 15:45
გორში დოკუმენტური ფილმების მინიფესტივალი ჩატარდა

გორში დოკუმენტური ფილმების საშემოდგომო მინიფესტივალი ჩატარდა.

ღონისძიება, რომელიც სამ დღეს გაგრძელდა, CineDOC - სკოლის კლუბების ორგანიზებით გაიმართა და აქტივობებს უცხოელი სტუმრები და ადგილობრივი ხელიფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფილმების ჩვენებასთან ერთად, პროექტის ფარგლებში, გაიმართა დისკუსიები, რომლებშიც მოსწავლეები და მათი მშობლებიც მონაწილეობდნენ.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, პროექტი მეორე წელია საქართველოს რამდენიმე სკოლაში ხორციელდება, რაც დოკუმენტური ფილმებით სწავლებას გულისხმობს და არაფორმალური განათლების გაძლიერებას ემსახურება. პროექტის მიზანი კი დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა.

პროექტში, რეგიონის მასშტაბით, შვიდი სკოლა იყო ჩართული, რომელთა კინოკლუბებს კონკურსის წესით შერჩეული და გადამზადებული მენტორი მასწავლებლები ხელმძღვანელობენ.

რაც შეეხება ორგანიზატორებს, ღონისძიებები გაიმართა შემდეგი სკოლების და პედაგოგების ორგანიზებით: გორის მე-12 საჯარო სკოლა - პედაგოგი ლელა წურწუმია; ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის მე-9 საჯარო სკოლა - ნათია კურტანიძე; ნოდარ ხადურის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლა - ნათია კურტანიძე; გორის მე-7 საჯარო სკოლა - მერი ბეჟუაშვილი; გორის მე-4 საჯარო სკოლა - მეგი კურტანიძე; გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლა - სუზი ბერიძე და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლა - ციური თედიაშვილი.

ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, „გორელ ფოტოგრაფთა კლუბის“ ხელშეწყობით განხორციელდა.

შეგახსენებთ, დოკუმენტური ფილმების საშემოდგომო მინიფესტივალი საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალის CineDOC-Tbilisi-ის ფარგლებში ტარდება და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერაა მხარდაჭერილი.

კვირის ამბები