კულტურა
13.11.2023 15:44
„ექვთიმე“ - ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი გორში წარმოდგენას გამართავს

გორის თეატრში საგასტროლო ტურნეს ფარგლებში წარმოდგენას ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი გამართავს.

სპექტაკლს სახელწოდებით - „ექვთიმე“, მაყურებელი 23 ნოემბერს 19:00 საათზე იხილავს.

როგორც ოზურგეთის თეატრში აცხადებენ, მხატვრულ-დოკუმენტური ფანტასმაგორია - „ექვთიმე“, მესამე, დამაგვირგვინებელი ნაწილია ტრილოგიისა (ტრილოგიის პირველი ნაწილია „გურიის დედოფალი“, მეორე ნაწილი - „რესპუბლიკა გურია“), რომელიც ექვთიმე ღვთისკაცის დაბადებიდან 160-ე საიუბილეო წელს და მისი წმინდანად შერაცხვის მე-20 წელს ეძღვნება.

„სპექტაკლი გურიის ბოლო ორასწლოვან ისტორიას, წმიდა ექვთიმეს, როგორც საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესის, საქართველოს დიდი დიაპაზონის მკვლევარის შესახებ მნიშვნელოვან მოვლენებს აცოცხლებს, რომლის ერთ-ერთი ნაწილია მოგონებები - „საქართველოს მთავრობა ემიგრაციაში“.

აქვე დავძენთ, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი პირველი ქართული თეატრია, რომელმაც წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის შესახებ პროექტი განახორციელა. აღნიშნულის იდეის ავტორი და დადგმის ხელმძღვანელი ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე, ხოლო სცენური ვერსიის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი - გოჩა კაპანაძე გახლავთ“, - აცხადებენ ოზურგეთის თეატრში.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ,19 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით, საგასტროლო ტურნეს აღმოსავლეთ საქართველოში - თბილისში, თელავსა და გორში მართავს.

პროექტის განხორციელების მიზანია, ფართო საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს საქართველოს ისტორიის ნაკლებად ცნობილი ფაქტები, პატრიოტი ადამიანების ცხოვრება და მოღვაწეობა მხატვრულ-დოკუმენტური ჟანრის საშუალებით თეატრის ენით გააცნოს.

კვირის ამბები