საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივას, რომლის საფუძველზე, ზამთრის პერიოდში ე.წ. ზამთრის საბურავების მქონე ავტომობილებით გადაადგილების ვალდებულება შემოდის.
შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, 1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზონებში (უღელტეხილები, ასევე, მაღალმთიანი რეგიონები) დაწესდება მოთხოვნა, რომ სატრანსპორტო საშუალებას ოთხივე ბორბალი აღჭურვილი ჰქონდეს ზამთრის საბურავით. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მძღოლს დაეკისრება ადმინისტრაციული სანქციები: ჯარიმა 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 5 ქულის დაკლება.
რაც შეეხება ტექნიკურ პარამეტრებს, აღნიშნულის შესახებ დეტალებს საქართველოს მთავრობა დაადგენს, ასევე, ცნობილი გახდება კონკრეტულ ზონებზე.
დარახველიძის ინფორმაციით, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, განსაკუთრებულ შემთხვევებში, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების ქონის ვალდებულებაც დაწესდება.