სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 6 ნოემბერს, საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს სოფლის სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ.
დღეს დილით, გინტური სოფელ კირბალიდან გორში, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც წირვის დასრულების შემდეგ გარდაცვლილს წესი აუგეს. შემდეგ კი, გორისა და ატენის ეპარქიის მღვდელმთავარმა ეპისკოპოსმა ანდრიამ (გვაზავა) საპატრიარქოს წარმომადგენელთან ანდრია ჯაღმაიძესთან ერთად პანაშვიდი გადაიხადა.
გორის ღვთისმშობლის შობის ტაძარში პანაშვიდი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, რის შემდეგაც გარდაცვლილი თამაზ გინტური საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ კირბალის სასაფლაოზე გადაასვენეს, სადაც ამ წუთებში დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს.
ინფორმაციისთვის, თამაზ გინტური, მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის წარმომადგენელმა, უკანონოდ დაკავების მცდელობისას, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მასთან ერთად მყოფი, მისი თანასოფლელი, ლევან დოთიაშვილი, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს, თუმცა 2 დღის წინ ქართულ მხარეს გადმოსცეს.
შსს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.