საზოგადოება
24.02.2020 12:48
როდის იწყება პირველკლასელთა რეგისტრაცია და პირველ ეტაპზე პატარების რომელი კატეგორია შეძლებს განაცხადის გაკეთებას
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, პირველკლასელთა რეგისტრაციის I ეტაპი 2020 წლის 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში, რეგისტრაციის გავლა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს შეეძლებათ.
I ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობელები განცხადებით იმ საჯარო სკოლას მიმართავენ, სადაც შვილის შეყვანა სურთ და მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ მიმართვის ფორმას შეავსებენ. -17 მარტიდან 24 აპრილის ჩათვლით კი, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება.
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს: ა) ფიზიკური შეზღუდვა; ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; გ) სწავლის უნარის დარღევა; დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); ე) მეტყველების განვითარების დარღვევა; ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა; ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; ი) აუტიზმის სპექტრის მქონე.
იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს არ დაუდასტურდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, მშობლებს საშუალება ექნებათ, რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე განახორციელონ. პირველკლასელთა რეგისტრაციის შემდგომი ეტაპების შეახებ, GMnews ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას. 
კვირის ამბები