ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, გორში, კომბინატის დასახლებაში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით, თარხნიშვილის ქუჩა №18-ში მდებარე კორპუსის დაზიანებული სახურავის ნაწილი გამოიცვლება და ახალი თუნუქით გადაიხურება.
სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 18000 ლარია, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს და ორ კვირაში უნდა დასრულდეს.
„დაზიანებული სახურავიდან წვიმის წყალი სადარბაზოში წლებია ჩამოდის, კედლებიდან ბათქაში ცვივა, მოსახლეობას საშიშროებას უქმნის და საკუთარი ძალებით ვერ ვახერხებდით მის შეკეთებას. ვისარგებლეთ ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებული პროგრამით, რამაც საშუალება მოგვცა ჩვენთვის ძალიან დიდი პრობლემა გადაგვეჭრა. სახურავის რეაბილიტაციის სამუშაოები უკვე დაწყებულია. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ადგილობრივ ხელისუფლებას ჩვენი დახმარებისთვის“, - „გორის მაცნესთან“ საუბრისას აღნიშნა კორპუსში მცხოვრებმა ნინო ჯაიანმა.
შეგახსენებთ, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების თანადაფინანსების პროგრამა, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში რამდენიმე წელია ხორციელდება. პროგრამა მოქალაქეებს მათივე საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, მინიმალური ფინანსური თანამონაწილეობით სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების საშუალებას აძლევს.
პროგრამის ფარგლებში ინიცირებული პროექტების ღირებულების 90%-ი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.