საზოგადოება
09.11.2023 14:35
პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, საჯარო სკოლებში საინფორმაციო პლაკატები განთავსდა

არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობაზე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, საჯარო სკოლებში საინფორმაციო პლაკატები განთავსდა.

პროექტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით განახორციელა.

პოსტერებზე გამოსახული სუპერგმირების მაგალითზე ის სიტუაციებია აღწერილი,  სადაც ბავშვებს ყოველდღიურად პირადი ინფორმაციის გაზიარება უწევთ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ბავშვებისთვის ადრეული ასაკიდანვე სწორი ფორმით, მარტივი და გასაგები ენით მათი პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობის, უფლებების და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

 „რა არის პერსონალური მონაცემები, როგორ უნდა დაიცვან სკოლაში - უცნობ თუ ნაცნობ ადამიანებთან ურთიერთობისას, ან, კიდევ ინტერნეტის გამოყენებისას პირადი ინფორმაცია და დარღვევის შემთხვევაში როგორ უნდა დაიცვან საკუთარი უფლებები?!  -  ამ კითხვებზე საპასუხოდ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა  ილუსტრირებული პლაკატები საქართველოში არსებულ ყველა საჯარო სკოლაში განათავსა,  მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის  - სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

ამიტომ, გასათვალისწინებელია, რომ არასრულწლოვანთა პირადი ინფორმაციის არასწორი გამოყენება, შესაძლოა, მათ ბულინგში, დაცინვაში, ჩაგვრაში გადაიზარდოს, რამაც ბავშვის პიროვნული განვითარება შეაფერხოს“, - აცხადებენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში.

ცნობისთვის, პროექტი ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განხორციელდა.

 

კვირის ამბები