სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერებს მოუწოდებს და აფრთხილებს, დროულად ჩაატარონ მღრღნელების საწინააღმდეგო ღონისძიებები, რათა თავიდან აიცილონ საშემოდგომო ნათესების დაზიანება.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, მიმდინარე წელს, შემოდგომის თბილმა და მშრალმა ამინდებმა ხელი შეუწყო მინდვრის თაგვების გამრავლებას.
„მღრღნელებთან ბრძოლისას ეფექტიანი მეთოდებია ღრმად მოხვნა; სანერგეებში, მიტოვებულ ნაკვეთებსა და გზის პირებზე ჰერბიციდების გამოყენება ბალახის საფარველის მოსაშორებლად; ძველი ნათესების გადახვნა და მცენარეული ნარჩენების მოშორება.
ქიმიური ღონისძიებები შემოდგომაზე - ოქტომბერ-ნოემბერში, გაზაფხულზე კი, მარტსა და აპრილში უნდა ჩატარდეს.
მავნე მღრღნელებთან ბრძოლა მნიშვნელოვანია, რადგან ისინი დიდ ზიანს აყენებენ სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, საკვები პროდუქტების მარაგებს, ქმნიან ადამიანისთვის საშიში დაავადებების ეპიდემიების საფრთხეს“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.