იტალიში, პროვინცია კრემონაში, ახალი კორონავირუსით მესამე ადამიანი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის არსებული სტატისტიკით, კორონავირუსით 150 ადამიანია ინფიცირებული.
იტალიაში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს.
GMnews-ი უცვლელად გთავაზობთ იტალიაში საქართველოს საელჩო განცხადებას:
„კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო მოუწოდებს იტალიაში და განსაკუთრებით კი მის ხუთ რეგიონში (ლომბარდია, ვენეტო, პიემონტე, ემილია რომანია და ლაციო) მცხოვრებ და ტურისტული მიზნებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ იტალიის მთავრობის მიერ ვირუსის მართვისთვის აუცილებელი რჩევები და განკარგულებები, განსაკუთრებული საჭიროების გარდა, თავი შეიკავონ საჯარო თავშეყრის ადგილებში სიარულისგან და დაიცვან ჰიგიენური წესები.
ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, დარეკეთ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1500, ან საქართველოს საკონსულოს ცხელ ხაზზე – 333 8879123“,- აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ დროისთვის, კორონავირუსი მსოფლიოს 33 ქვეყანასა და ორ ადმინისტრაციულ რეგიონში ფიქსირდება. კორონავირუსის 79 561 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი - 2 619-ს მიაღწია.