საზოგადოება
07.11.2023 16:23
გორელ პოეტს აკაკი ბიძინაშვილს ქართული პოეზიის რაინდის წოდება მიენიჭა

გორელმა პოეტმა აკაკი ბიძინაშვილმა ქართული პოეზიის რაინდის წოდება მიიღო. საქართველოს მწერალთა შემოქმედებითმა კავშირმა თანამედროვე ავტორს დამსახურებული ტიტული პოემისთვის - „ტკივილი“ მიანიჭა.

პრემიების მიმნიჭებელ კომისიას მწერალი რევაზ მიშველაძე ხელმძღვანელობდა.

„სიტყვით, საქმით, ნიჭით, უნარით, ფიქრით და აზროვნებით გამორჩეული - პოეტი აკაკი ბიძინაშვილი თანამედროვე ქართლის ჭირის მოზიარე და ჟამთააღმწერელია. მისი პოეზია სულიერი ტკივილებითაა აღსავსე. წერს სიყვარულზე, მეგობრობაზე, პატრიოტიზმზე... მის სტრიქონებს პოეტური მუხტი, ემოციურობა არ აკლია და, ამასთან, იშვიათი ანალიტიკური გონების პატრონია“, - ასე შეაფასეს ავტორი ლიტერატურულ წრეებში.

„ყური დამიგდე“, „ეს ორი ცრემლი“, „შენს თითებზე“, „ირაო“, „მე ახლა ისეთ სიმღერას ვმღერი“, „ლირიკა“, „გორის ციხიდან“, „ბროწეულის ყვავილები“ - 87 წლის  პოეტი ათამდე წიგნის ავტორია. მისი ლექსები ბულგარულ, რუმინულ, გერმანულ, რუსულ და ოსურ ენებზეა თარგმნილი.

უცხოურიდან არაერთი ლექსი თარგმნა თავად პოეტმაც.

თანამედროვე ავტორის ლექსებზე შექმნილია სიმღერები.

აკაკი ბიძინაშვილი 1936 წლის 25 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში დაიბადა. პოეტს სხვადასხვა დროს მიღებული აქვს აკაკი წერეთლის, გიორგი შატბერაშვილის სახელობის პრემიები და მინიჭებული აქვს იაკობ გოგებაშვილის მედალი.
კვირის ამბები