საზოგადოება
07.11.2023 14:08
საინფორმაციო კამპანიის - „არ დაწვა ფოთოლი“ ფარგლებში, ბოშურის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს წარმომადგენლები ბოშურის მოსახლეობას შევხდნენ და ახლადშექმნილი დაცული ტერიტორიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ისაუბრეს იმ შეზღუდვებსა და შესაძლებლობებზე, რომელიც ხეობისთვის დაცული ტერიტორიების სტატუსის მინიჭებას უკავშირდება.

„შეხვედრაზე მოსულ ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე, ვესაუბრეთ საინფორმაციო კამპანიაზე - „არ დაწვა ფოთოლი“, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის ინფორმირებას ფოთლებისგან კომპოსტის (ბუნებრივი სასუქი) დამზადების წესის შესახებ. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია ტანას ხეობის სოფლებში საინფორმაციო შეხვედრები და ინფორმატიული ფლაერების დარიგებაც“, - განაცხადეს სააგენტოში.

შეგახსენებთ, ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტი და ტანის აღკვეთილი 2022 წლის ბოლოს შეიქმნა. დაცული ლანდშაფტის შექმნის მიზანია, არსებული ლანდშაფტის მაღალი ესთეტიური ღირებულების დაცვა, ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია და ადგილობრივი მოსახლეობის მდგრადი განვითარება.

დაცული ლანდშაფტის მართვას გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტო ახორციელებს.
კვირის ამბები