კონფლიქტები
07.11.2023 10:09
ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ ადგილობრივი მაცხოვრებლების უკანონოდ დაკავების მცდელობისას, გარდაიცვალა ერთი, ერთი მოქალაქე კი დააკავეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლების უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებული იქნა ერთი მოქალაქე, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაუყონებლივ მოითხოვეს ტექნიკური შეხვედრის გამართვა რუსეთის საოკუპაციო ძალების, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების მონაწილეობით.

„აღნიშნული წარმოადგენს ოკუპაციის ფარგლებში, რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაშაულებრივი ქმედების კიდევ ერთ საგანგაშო გამოვლინებას, რაზეც სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა დამნაშავე პირის დასჯას, ასევე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის დაუყონებლივ გათავისუფლების საკითხს განსაკუთრებული სიმკაცრით მოითხოვს ყველა საერთაშორისო ფორმატში“, - ნათქვამია სუს-ის მიერ  გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, შემთხვევა გუშინ საღამოს, 6 ნოემბერს მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური გარდაიცვალა, ლევან დოთიაშვილი კი, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს.

კვირის ამბები