საზოგადოება
06.11.2023 15:30
ნოემბერი ფილტვის კიბოს ცნობადობის ამაღლების თვეა

ნოემბერი ფილტვის კიბოს ცნობადობის ამაღლების თვეა - საინფორმაციო კამპანიას, რომელიც აღნიშნულ პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით იმართება, სხვადასხვა ღონისძიებით საქართველოც უერთდება.

მედიკოსების თქმით, საჭიროა, საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდოს  ფილტვის კიბოს რისკების, მისი წარმოშობის, დიაგნოსტიკის  და მკურნალობაში პერსონალიზებული მიდგომის შესახებ, რაც დაავადებაზე გამარჯვების შანსს მნიშვნელოვნად გაზრდის.

ფილტვის კიბოს საინფორმაციო კამპანიის გზავნილებია: შევცვალოთ წარმოდგენა ფილტვის კიბოზე; ადრეული დიაგნოსტიკის დროს ფილტვის კიბო დამარცხებადია; ადრეული ფილტვის კიბო განკურნებადია.

ცნობისთვის, ფილტვის კიბო ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული დაავადებაა, რომელიც სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით ონკოლოგიურ დაავადებებს შორის პირველ ადგილს იკავებს და უტოლდება  ძუძუს, კოლორექტული და წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის გაერთიანებულ მაჩვენებელს. ყოველწლიურად  მსოფლიოში 2,2 მილიონზე მეტ ადამიანს უდასტურდება ეს დიაგნოზი. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მამაკაცები ფილტვის კიბოთი 7-10 ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე ქალები. ფილტვის კიბოს განვითარების მთავარი რისკის ფაქტორებია: დაბინძურებული გარემო, მოწევა, მძიმე მეტალებთან მუდმივი კონტაქტი, რადიოაქტიური გამოსხივება, ფილტვის თანმხლები ქრონიკული დაავადებები.

სტატისტიკის მიხედვით, ამ ტიპის ონკოლოგიური პათოლოგიის მქონე პაციენტების დაახლოებით 90% მწეველია, დაავადება შესაძლოა განუვითარდეს როგორც აქტიურ, ისე პასიურ მწეველებს.
კვირის ამბები