გორმა ხელბურთში მურად ჯავახიშვილის სახელობის პირველ მემორიალურ ტურნირს უმასპინძლა.
შეჯიბრში 2008-2010 წწ. დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობდნენ. ტურნირში გორელებთან ერთად, ქუთაისის, წყალტუბოს და სამტრედიის ხელბურთელთა გუნდები ასპარეზობდნენ.
გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, გორელებმა სამივე მეტოქე დაამარცხეს და შეჯიბრის გამარჯვებულები გახდნენ.
მეორე ადგილზე სამტრედიის გუნდი გავიდა. რაც შეეხება წყალტუბოს, ასპარეზობა მესამე ადგილით დაასრულა. ქუთაისის გუნდი კი მეოთხე ადგილს დასჯერდა.
გამარჯვებულებს და პრიზიორებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ გორელთა გუნდის წევრი, ვაკო კვარიანთაშვილი დასახელდა. სპორტსმენს სპეციალური პრიზი საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა ავთანდილ შოშიაშვილმა გადასცა.
ტურნირს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერიის და სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის დარბაზმა უმასპინძლა.
ცნობისთვის, ვეტერანი ხელბურთელი მურად ჯავახიშვილი 15 წლის მანძილზე გორის ცენტრალურ სასპორტო სკოლას ხელმძღვანელობდა.