გორის შემოქმედებითი ტურიზმის სახელოსნოში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები და მოზარდები კერამიკის, თექაზე მუშაობის და ქართული ფარდაგების ქსოვის ტრადიციულ მიმართულებებს ეუფლებიან.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს მინიგალერეა აქტიური დატვირთვით იწყებს მუშაობას და მოზარდებისთვის უკვე დაიწყო თექის შემსწავლელი კურსი.
რაც შეეხება კერამიკის, თექაზე მუშაობის და ქართული ფარდაგების ქსოვის ტრადიციულ მიმართულებების შესწავლას, კურსების გავლა 10-დან 17 წლამდე მოზარდებს შეუძლიათ. დაინტერესებულმა მოზარდებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ მითითებულ ბმულზე: //forms. gle /qndGTiACTwGedYes6, ხოლო კურსების დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები და მოეწყობა ნიმუშების გამოფენა-გაყიდვები.
„მინიგალერეაში სასწავლო წრეების შექმნის მიზანი მოზარდების ტრადიციული რეწვით დაინტერესება და, სამომავლოდ, კურსის დასრულების შემდეგ, თვითდასაქმების ხელშეწყობაა.
სწავლების პარალელურად, მინიგალერეა ქართველ და უცხოეულ ტურისტებსაც უმასპინძლებს. მათთვის მასტერკლასები გაიმართება და მსურველები თავად შექმნიან თექის, ფარდაგების და კერამიკის ნიმუშებს. მინიგალერეა ტურისტებს ქართლის ფოლკლორული საკრავების გაცნობას და მასტერკლასებსაც შესთავაზებს“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.
შეგახსენებთ, გორის შემოქმედებითი ტურიზმის სახელოსნო - მინიგალერეა გორის მუნიციპალიტეტის მერიის მონაწილეობით, ევროკავშირის შავი ზღვის აუზის ქვეყნების ერთობლივი სამოქმედო პროგრამის მხარდაჭერილი, მცირე ინვესტიციით დაფინანსებული ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის პროექტის - „ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედებითობა“ (THC 1130) ფარგლებში შეიქმნა.