გორში დავით ფირცხალავას პირველი ფილმის „მამა“ ჩვენება გაიმართა. მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი 2015 წელს, ნომინაციაში წლის საუკეთესო საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ნამუშევარი, ლოკარნოს კინოფესტივალის გამარჯვებულია.
ფილმი წარდგენილი იყო ნაიმეგენის, როტერდამის, ანგერსის, ვილნიუსის, სარაევოს, ანაპის, თბილისის და სხვა პრესტიჟულ კინოფესტივალებზე.
რაც შეეხება შინაარსს, ფილმი მოგვითხრობს ოჯახზე, სადაც ხუთი წლის წინ წასული მამა ბრუნდება, შვილს კი კითხვები უჩნდება, რომელსაც თავადვე პასუხობს.
ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო დავით ფირცხალავას სადებიუტო რომანის „მეფე“ მიმოხილვაც. ავტორმა და რეჟისორმა დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხა.
ცნობისთვის, დავით ფირცხალავა სცენარისტი და რეჟისორია. გადაღებული აქვს ორი მოკლემეტრაჟიანი და ერთი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. არის რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი, სრულმეტრაჟიანი სცენარის და პიესის ავტორი.
კინოჩვენება გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით მოეწყო.