საზოგადოება
02.11.2023 11:36
„ჩააცვი ხეებს“ - გორში საქველმოქმედო აქცია გაიმართება

გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის სკვერში ტრადიციული საქველმოქმედო აქცია „ჩააცვი ხეებს“ გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიება 12 ნოემბერს ჩატარდება და მსურველებს 12:00 საათიდან შესაძლებლობა ექნებათ, სკვერში თბილი ტანსაცმელი მიიტანონ და დატოვონ მათთვის, ვინც ზამთარს მომზადებული ვერ ხვდება. საღამოს სამოსი შეგროვდება და გადამისამართდება საქართველოს წითელი ჯვრის გორის ფილიალში (ბარნოვის ქ. 9), სადაც მსურველებს სასურველი ნივთის არჩევა შეეძლებათ.

„ეს მეთოდი გამოცდილია და ნამდვილად მუშაობს, რადგან ზოგიერთს ერიდება ხელიდან ხელში გამორთმევა, ასე უფრო უადვილდებათ - თავად მივიდნენ და აიღონ ის, რაც სჭირდებათ. მოიტანეთ თბილი ტანსაცმელი და სიმბოლურად ჩააცვით ხეებს, დაკიდეთ ტოტებზე, ან სულაც, გადაკიდეთ სკვერში არსებულ სკამებზე მათთვის, ვინც სათანადოდ ვერ მოემზადა ზამთრის მკაცრ სიცივეებთან გასამკლავებლად“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

ცნობისთვის, საქველმოქმედო აქცია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალის ორგანიზებით, მეხუთე წელია იმართება.

კვირის ამბები