საზოგადოება
01.11.2023 15:34
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სერტიფიცირების გამოცდების ჩასაბარებლად რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სერტიფიცირების გამოცდების ჩასაბარებლად რეგისტრაცია დღეიდან, 1-ელი ნოემბრიდან დაიწყო.

საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ინფორმაციით, სერტიფიცირების გამოცდაზე რეგისტრაცია შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან.  რეგისტრაცია კი შესაძლებელია დისტანციურად, 24-საათიან  რეჟიმში, 1-ელი ნოემბრის 10:00 საათიდან 7 ნოემბრის 24:00 საათამდე, ვებ-გვერდზე: registration. cec. gov. ge

„რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებულ პირებს, ასევე, შეუძლიათ მიმართონ გამოცდის სამდივნოებს, პირველი ნოემბრიდან 7 ნოემბრის ჩატლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა. გამოცხადებულ გამოცდებზე რეგისტრაცია შესაძლებელია დასრულდეს შესაბამისი ვადების ამოწურვამდე, საგამოცდო ცენტრების მიხედვით, გამოცდაზე მისაღებ მონაწილეთა ადგილების რაოდენობის შევსებისთანავე“, - ნათქვამია სწავლების  ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება გამოცდებს, 2023 წლის 10 ნოემბრიდან დაიწყება და მოქალაქეს გამოცდის ჩაბარება 10 მუნიციპალიტეტში მოქმედ ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრში - თბილისი, გორი, გურჯაანი, სიღნაღი, თელავი, რუსთავი, ბოლნისი, თეთრიწყარო, ოზურგეთი და მესტია შეუძლია.

სასერტიფიკაციო გამოცდა ჩატარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით. გამოცდის ხანგრძლივობა 1 საათია. გამოსაცდელისთვის ელექტრონულ პროგრამაში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეირჩევა 24 საგამოცდო ტესტი, ხოლო ყოველ საგამოცდო ტესტზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 15 ქულა. სერტიფიკატის მოქმედების ვადა გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის ვადით განისაზღვრება.
კვირის ამბები