სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ახალი რეგულაციით, სტომატოლოგიური კლინიკის ან კაბინეტის გახსნამდე შეტყობინება უნდა გაეგზავნოს რეგულირების სააგენტოს, რომელიც დაწესებულებას, მაქსიმუმ, 2 თვის განმავლობაში შეამოწმებს და ყველა სავალდებულო სტანდარტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გასცემს დადებით დასკვნას, რაც დაწესებულებას საქმიანობის დაწყების უფლებას მიანიჭებს.
ცვლილების მიხედვით, სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის განახლდა, დაზუსტდა და უფრო დეტალურად გაიწერა ინფექციის პრევენციის, კონტროლის, სტერილიზაცია-დეზინფექციის და სამედიცინო ნარჩენების მართვის აუცილებელი კრიტერიუმები. პროცესის უკეთ სამართავად, სავალდებულო გახდა დაწესებულებაში ინფექციების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის გამოყოფა. ასევე, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, ჰქონდეს გადაუდებელი მდგომარეობების (მათ შორის, ალერგიული რეაქციების) მართვისთვის საჭირო პირველადი დახმარების მედიკამენტების და სამედიცინო საგნების აუცილებელი მარაგი.
„ახალი სტანდარტები შეეხება პროფესიულ განვითარებასაც - სტომატოლოგიური დაწესებულება ვალდებული ხდება, უზრუნველყოს ექიმთა უწყვეტი სამედიცინო განათლება და პერსონალის პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო ტრენინგები. ასევე, ექვს თვეში ერთხელ - თანამშრომელთა პროფილაქტიკური იმუნიზაცია B ჰეპატიტზე და სკრინინგი C ჰეპატიტზე.
ახალი რეგულაციები 2024 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში. ცვლილებების მიზანი პაციენტის უსაფრთხოების დაცვა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისების უზრუნველყოფაა“, - აცხადებენ სამინისტროში.