გორში, კულტურისა და დასვენების პარკის - „ახალბაღის“ რეაბილიტაცია სრულდება.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პარკის ტერიტორიაზე ახალი საფეხმავლო ბილიკების, ფანჩატურების და სპორტული ზონის მოწყობა უკვე დასრულდა.
გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, დასრულდა პარკის ტერიტორიაზე მდებარე ადმინისტრაციული და სხვა შენობა-ნაგებობების, ხელოვნური ტბის და პარკის ცენტრალურ შესასვლელთან ორი შადრევნის რეაბილიტაციაც.
მოეწყო ახალი საინჟინრო ქსელი, რაც მოიცავს საკანალიზაციო, წყალსადენის და საირიგაციო ავტომატიზებულ სისტემებს.
„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად დაიყოფა. შეიქმნება ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც განახლებულ პარკს მოსახლეობისთვის ბევრად უფრო კომფორტულს გახდის. განახლებული ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.
პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს.
ცნობისთვის, „ახალბაღის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წლის ზაფხულში დაიწყო. თავდაპირველად, სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრული იყო 2022 წლის 31 აგვისტო, თუმცა, პროექტის მიმდინარეობისას, სამუშაოების ვადა გახანგრძლივდა.