გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ კირბალის განაპირას, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 17 წლის მოზარდი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული არასრულწლოვანი ცხინვალის მილიციაშია გადაყვანილი.
ალიკა შიუკაშვილი მეგობრებთან ერთად სოფლის სიახლოვეს მდებარე ტყიან ფართობში იმყოფებოდა შეშის შესაგროვებლად, რა დროსაც შეიარაღებული ფორმიანი პირები გამოჩნდნენ. თანასოფლელებმა გამოქცევა შეძლეს, არასრულწლოვანი ალიკა შიუკაშვილი კი ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს.
ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მხრიდან რამდენჯერმე იყო დაკავებული 17 წლის მოზარდის მამაც. შიუკაშვილების ოჯახი სოფლის განაპირას, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს ცხოვრობს.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი