მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ ბავშვებს ფულადი დახმარება დაენიშნებათ.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრა მოქმედებს, რომლით სარგებლობა 2016 წლის 1 იანვრიდან დაბადებულ ბავშვს (საქართველოს მოქალაქე) შეუძლია.
პროგრამის მიხედვით, ბავშვს, რომელსაც დახმარება ენიშნება, ერთ-ერთი მშობელი მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი უნდა იყოს და შესაბამისი სტატუსი ჰქონდეს მინიჭებული.
ფულადი დახმარების დასანიშნად კი საჭიროა ბავშვის ბიოლოგიური დედის/ოჯახის განცხადება, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ასევე, ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც ოჯახმა სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში უნდა წარადგინოს.
„განცხადებას თან უნდა დაერთოს ბავშვის/ბავშვების მშობლების, ან კანონიერი წარმომადგენელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი); მაძიებლის და სხვა შვილების დაბადების მოწმობები; მშობლის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ ბავშვს დახმარება დოკუმენტაციის წარდგენიდან, მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან დაენიშნება“, - აცხადებენ სოციალური მომსახურების სააგენტოში.
რაც შეეხება ფულადი დახმარების რაოდენობას, პირველ და მეორე შვილზე ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 100 ლარია; მესამე, ან მომდევნო ბავშვზე ორი წლის განმავლობაში ყოველთვიურად - 200 ლარი; მეორე და მესამე ტყუპის შემთხვევაში, ერთ-ერთ ტყუპისცალი ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად - 100 ლარს, ხოლო მეორე - ორი წლის განმავლობაში ყოველთვიურად - 200 ლარს მიიღებს.