საზოგადოება
30.10.2023 14:48
ერგნეთ-მამისაანთუბნის სკოლის პედაგოგი მედეია ტრამაკიძე მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელია

მასწავლებლის ეროვნული დღესთან დაკავშირებით, 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი პრიზი შიდაქართლელ პედაგოგს, ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელს - მედეია ტრამაკიძეს გადაეცა.

საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის წელს, საქართველოს მასშტაბით, 11 ღვაწლმოსილი პედაგოგი დაჯილდოვდა.

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართულ მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დამსწრე საზოგადოებას, პედაგოგებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და პროფესიული დღე მიულოცეს.

რაც შეეხება ეროვნული პრემიის მფლობელებს, მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით დაიმსახურეს: ნუნუ ანდღულაძემ (ზურაბ კიკვაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და მათემატიკის მასწავლებელი); პეტრე ბიბლუამ („ევროპული სკოლის“ მათემატიკის მასწავლებელი); ნაზიბროლა მიქელაძემ (აბესალომ აბაშიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი); მედეა ბორჩაშვილმა (ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი); მარინე ბერიანიძემ (წალკის N1 საჯარო სკოლის ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი); კახაბერ ჩაკვეტაძე (წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი); ვენერა აბუსელიძემ (ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი); ელმირა ქსპოიანმა (ნინოწმინდის №1 საჯარო სკოლის სომხური ენის მასწავლებელი); ნინო ჯალაღონიამ (თბილისის N141 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი); სამირა ისმაილოვამ (მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლის ინგლისური ენის, როგორც პირველი უცხო ენის მასწავლებელი).

„კონკურსის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეიკრიბა იმ მასწავლებელთა ისტორიები, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი მოსწავლეების, სასკოლო საზოგადოების, თუ თემის განვითარებაში. ამის შემდეგ 11 გამარჯვებული გამოავლინა სპეციალურმა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებული იყო სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებით“, - აცხადებენ სამინისტროში.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში მასწავლებლის ეროვნული დღე დაწესდა, რომელიც ყოველი წლის 27 ოქტომბერს - ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლის და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.
კვირის ამბები