ოქტომბრიდან ივლისის ჩათვლით, სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებული სტუდენტები ყოველთვიურად 150 ლარის ნაცვლად 300 ლარიან სტიპენდიას მიიღებენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ორმაგდება სტიპენდიანტთა რაოდენობაც და 2 500 სტუდენტის ნაცვლად, გაზრდილ სტიპენდიას 5 000 წარმატებული სტუდენტი მიიღებს.
განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სიახლეა ისიც, რომ უნივერსიტეტი თავად აღარ დაადგენს სტიპენდიანტთა შესარჩევ კრიტერიუმებს და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები იხელმძღვანელებენ სტიპენდიანტთა შესარჩევი საერთო კრიტერიუმებით, რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა.
ახალი შესარჩევი კრიტერიუმები, აკადემიურ მიღწევებთან ერთად, სხვადასხვა სასწავლო სტუდენტურ აქტივობას მოიცავს, მათ შორის, საუნივერსიტეტო, ინტელექტუალურ, სამეცნიერო, შემოქმედებით-კულტურულ, სპორტულ ღონისძიებებსა და იმიტირებულ სასამართლო პროცესებში ჩართულობას. ასევე, კრიტერიუმებში გათვალისწინებულია ისეთი სოციალური ფაქტორები, როგორებიცაა: სოციალურად დაუცველის სტატუსი (ოჯახის სარეიტინგო ქულით 70 000 და ნაკლები), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის სტატუსი, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრობა (4 და მეტი შვილი) და სხვა.
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის უმნიშვნელოვანესია მოტივირებული, მშრომელი, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტთა დაფასება და მათი წახალისება. სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას, ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობას და სტუდენტებისთვის სხვადასხვა მხარდამჭერი აქტივობის შეთავაზებას“, - აცხადებენ სამინისტროში.