საზოგადოება
27.10.2023 10:20
„დავიცვათ ტყე ჩვენი მწვანე მომავლისთვის“ - IX-XII კლასების მოსწავლეებისთვის კონკურსი ცხადდება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის  ესსეების კონკურსს სახელწოდებით - „დავიცვათ ტყე ჩვენი მწვანე მომავლისთვის“ აცხადებს.

საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობის მიღება  IX-XII კლასების მოსწავლეებს შეუძლიათ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, საკონკურსო ნამუშევარი შესაძლოა ეხებოდეს შემდეგ თემებს: პირადი გამოცდილება და მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა;

თითოეული მოქალაქის წვლილი და ვალდებულება ტყის დაცვის მიმართულებით;

ტყის მერქნული და არამერქნული რესურსების სწორად გამოყენების საჭიროება;

ტყეზე ზეწოლის შემცირების გზები;

ტყე და კლიმატის ცვლილება;

ტყის ხანძრები;

ენერგოეფექტურობა, ენერგოეფექტური ღუმელები;

ალტერნატიული საწვავი (ბრიკეტი, პელეტი, ნამჯა და ა.შ), როგორც ტყის შეშად გამოყენების შემცირების გზა.

„კონკურსი ხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ პროექტის ფარგლებში და მიზნად ისახავს მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას ტყის მდგრადი მართვის, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ. რაც შეეხება კონკურსის გამარჯვებულის გამოვლენის პირობებს, ესსე შეფასდება სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, გამარჯვებულები გამოვლინდებიან კონკურსის შემაჯამებელ ღონისძიებაზე და დასაჩუქრდებიან პრიზებით“, - ნათქვამია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ნაშრომის წარდგენის ბოლო ვადა 20 ნოემბერია.

დაინტერესებულ პირებს კონკურსთან დაკავშირებულ სხვა დეტალებზე  პასუხის მიღება შეუძლიათ ტელეფონის ნომერზე: 598 21 82 85

 

 

 

კვირის ამბები