საზოგადოება
26.10.2023 15:56
შიდა ქართლში დოკუმენტური ფილმების საშემოდგომო მინიფესტივალი გაიმართება

შიდა ქართლში დოკუმენტური ფილმების საშემოდგომო მინიფესტივალი გაიმართება.  

კინოჩვენება CineDOC-სკოლის კლუბების ორგანიზებით, 28, 29 და 30 ოქტომბერსაა  დაგეგმილი.

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, პროექტი საქართველოს რამდენიმე სკოლაში ხორციელდება, რაც დოკუმენტური ფილმებით სწავლებას გულისხმობს და  არაფორმალური განათლების გაძლიერებას ემსახურება.  

რაც შეეხება შიდა ქართლს, პროექტში  შვიდი სკოლაა ჩართული. რეგიონის მასშტაბით გასულ სასწავლო წელს ჩამოყალიბდა კინოკლუბები, რომლებსაც  CineDOC-სკოლის კონკურსის წესით შერჩეული და სპეციალურად გადამზადებული მასწავლებლები ხელმძღვანელობენ.

„პროექტი მეორე წელია ხორციელდება. კინოკლუბებში გარკვეული პერიოდულობით ვმართავთ ჩვენებებს, ვორქ-შოპებს და ვუძღვებით დისკუსიებს, ხელს ვუწყობთ მოსწავლეებში სხვადასხვა სააზროვნო უნარის  განვითარებას. სწორედ, სპეციალურად გადამზადებული, მენტორი მასწავლებლების ორგანიზებით და პროექტის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით ჩატარდება აღნიშნული მინიფესტივალი, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ძალზე საინტერესო კინოჩვენებები და ბევრი სხვადასხვა აქტივობა“, - „გორის მაცნესთან“ საუბარში აღნიშნა პედაგოგმა ნათია კურტანიძემ.

გთავაზობთ კინოჩვენებების ჩატარების თარიღებს და ლოკაციებს:

28 ოქტომბერი - გორი, ფოტოგრაფთა კლუბი, დასაწყისი: 14:00 საათი;

29 ოქტომბერი - ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლა, დასაწყისი: 12:00 საათი;

30 ოქტომბერი - გორი, ფოტოგრაფთა კლუბი, დასაწყისი: 12:00 საათი.

ღონისძიების ორგანიზატორი სკოლები და მასწავლებლები არიან:  გორის მე-12 საჯარო სკოლა - პედაგოგი ლელა წურწუმია; ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის მე-9 საჯარო სკოლა - ნათია კურტანიძე; ნოდარ ხადურის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლა - ნათია კურტანიძე; გორის მე-7 საჯარო სკოლა - მერი ბეჟუაშვილი; გორის მე-4 საჯარო სკოლა - მეგი კურტანიძე; გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვრის საჯარო  სკოლა - სუზი ბერიძე და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლა - ციური თედიაშვილი.

ცნობისთვის, კინოფესტივალის  აქტიური მხარდამჭერები არიან გორის მუნიციპალიტეტის მერია, გორის ფოტოგრაფთა კლუბი და გომის სპირტის ქარხანა.

დოკუმენტური ფილმების საშემოდგომო მინიფესტივალი საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალის CineDOC-Tbilisi-ის ფარგლებში ტარდება და  შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერაა მხარდაჭერილი.

კვირის ამბები