კულტურა
26.10.2023 15:20
27 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 183-ე წლისთავთან დაკავშირებით, მუზეუმი ვიზიტორებს უფასოდ უმასპინძლებს - ნათია ადუაშვილი

ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე, „დედაენის“ ავტორი იაკობ გოგებაშვილი 1840 წლის 27 ოქტომბერს გორის რაიონის სოფელ ვარიანში დაიბადა.

ათეული წლებია, მწერლის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ვარიანში „იაკობობა“ იმართება. წელს, 27 ოქტომბრის ნაცვლად, სახალხო დღესასწაული 28 ოქტომბერს ჩატარდება.

იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის დირექტორის, ნათია ადუაშვილის თქმით, გორის მერია იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 183-ე წლისთავის აღსანიშნავად, მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, 28 ოქტომბერს, სხვადასხვა ღონისძიებას გეგმავს.

„მწერლის დაბადების დღეს, 27 ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაში მუზეუმი, ტრადიციულად, უფასოდ უმასპინძლებს სტუმრებს. რაც შეეხება სახალხო დღესასწაულს, 28 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიებები გორის მერიის მხარდაჭერით იმართება. მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოდგენილი იქნება ფაცხები საშემოდგომო ნობათით, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები „დედაენის“ თემატიკაზე კუთხეებს მოაწყობენ“, - აღნიშნა „გორის მაცნესთან“ საუბრისას მუზეუმის დირექტორმა ნათია ადუაშვილმა.

ცნობილი მწერალი 72 წლის ასაკში, 1912 წელს გარდაიცვალა.
კვირის ამბები