„ხორციელის“ შაბათი, ანუ „კორკოტობა“ მიცვალებულთა მოსახსენიებელი დღეა, რომელსაც ყველიერის კვირა მოსდევს. ხორციელის შაბათს, ქრისტიანები კორკოტს (წანდილს) ამზადებენ, ეკლესიებში კი, გაშლილია მაგიდები საკურთხისათვის და წირვის შემდეგ სრულდება საზოგადო პანაშვიდი.
GMnews გაგაცნობთ ისტორიას, რომელმაც აღნიშნული ტრადიციის ჩამოაყალიბას დაუდო სათავე:
კონსტანტინეპოლის მეფემ, იულიანე განდგომილმა ქრისტე უარყო და კერპთაყვანისმცემლობას შეუდგა. მან იცოდა, რომ დიდმარხვის პირველ კვირას მორწმუნენი მარხვას განსაკუთრებით წმინდად ინახავდნენ და ცოდვებს ინანიებდნენ. იულიანემ ქალაქის თავს უბრძანა, მთელი კვირის განმავლობაში, ყოველდღე შეებღალა ბაზარში გასაყიდი სანოვაგე სამსხვერპლო ცხოველთა სისხლით. მეფის ბრძანება შესრულდა. კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოს ევდოქსის გამოეცხადა წმინდა თეოდორე ტირონი და ამცნო, რომ საზრდელი ნაკერპალის სისხლით იყო შებილწული და ურჩია, მის ნაცვლად მიეღოთ კოლიო - თაფლთან ერთად მოხარშული ხორბალი. ქრისტიანებმა შეიძინეს ხორბალი, კოლიო მოხარშეს და მთელი კვირის განმავლობაში მას იღებდნენ. ასე გადაურჩნენ მარხვის დარღვევას მორწმუნენი. მას შემდეგ, დიდმარხვის პირველი შვიდეულის შაბათი წმინდა თეოდორეს ხსენების დღედაა მიჩნეული და მორწმუნეები კორკოტს, ანუ წანდილს ხარშავენ.
ცნობისთვის, კორკოტობა დიდმარხვის დაწყებამდე, ბოლო შაბათს აღინიშნება, მოძრავი საეკლესიო თარიღია და 2020 წელს, 22 თებერვალს დაემთხვა.