საზოგადოება
25.10.2023 15:29
გორის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის საველე სამუშაოები დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის საველე სამუშაოები დაიწყო, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორც „გორის მაცნესთვის“ ცნობილია, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე  შემდეგ მომსახურებებს მიიღებენ: მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა და მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.

შეგახსენებთ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიწის სისტემური რეგისტრაცია 2022 წელს დაიწყო. სააგენტო 2022-2024 წლების განმავლობაში, საქართველოს 59 მუნიციპალიტეტში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა და თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი) საამზომველო და სარეგისტრაციო საქმიანობებს განახორციელებს.

დღეის მდგომარეობით უკვე აზომილია ნახევარ მილიონზე მეტი მიწის ნაკვეთი და აქედან რეგისტრირებულია 430 ათასამდე საკუთრების უფლება.

 

კვირის ამბები