სპორტი
25.10.2023 11:40
ვაჟა მარგველაშვილი აბუ დაბის გრანდ სლემის გამარჯვებულია

გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის აღზრდილი და ძიუდოს კლუბ „გოლდენ გორის“ ფალავანი ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.), აბუ დაბის გრანდ სლემის გამარჯვებულია.

სპორტსმენი პირველ შეხვედრაში ფრანგ ძიუდოისტს დაუპირისპირდა და რომარიკ ბუდა იპონით დაამარცხა.

შემდეგი შეხვედრა მარგველაშვილმა თურქ მუჰამედ დემირელს მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ყაზახი გუსმან კირგიზბაევი იყო. სპორტსმენმა ყაზახეთის წარმომადგენელი შიდოებით დაამარცხა.

ნახევარფინალში მარგველაშვილმა აზერბაიჯანელ რუსლან პაშაევს მოუგო. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში კი უზბეკი მუხრიდინ ტილოვოვი დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულსაც დაესაკუთრა.

აღსანიშნავია, რომ მარგველაშვილმა გრანდ სლემი მესამედ მოიგო. სპორტსმენის კარიერაში უმნიშვნელოვანესი მიღწევებია: ოლიმპიური თამაშების ვერცხლის, მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს და ევროპის ჩემპიონატების ოქროს მედალი.

კვირის ამბები