ქვეყნის მასშტაბით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს.
„გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის მარი გიუნაშვილის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა 400-მდე მოქალაქემ ჩაიტარა. მისი თქმით, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს უფასოდ უტარდებათ.
„რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდ უტარდებათ. გრიპის სეზონისთვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი); აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები; ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები; აგრეთვე, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ორსულები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; ბავშვთა (მ. შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფი-ციარები და მათი მომვლელი პერსონალი; სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვ.“, - „გორის მაცნესთან“ საუბრისას აღნიშნა მარი გიუნაშვილმა.
რაც შეეხება აცრის კაბინეტებს, მსურველებს ვაქცინაციის ჩატარება, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ხუთ ლოკაციაზე: ააიპ „გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“; სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი; შპს „გორმედის“ გორის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა; შპს „მედიქალ ცენტრი“; შპს „ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი“ შეუძლიათ.
შეგახსენებთ, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 16 ოქტომბრიდან დაიწყო. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.