კულტურა
23.10.2023 16:52
გორის სულხან ცინცაძის სამუსიკო სემინარიის გოგონათა და ამავე სამუსიკო სემინარიის უმცროსკლასელთა გუნდები დააჯილდოვეს

საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VII ეროვნული კონკურსში გამარჯვებული გორის სულხან ცინცაძის სამუსიკო სემინარიის გოგონათა და ამავე სამუსიკო სემინარიის უმცროსკლასელთა გუნდები დააჯილდოვეს.

ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონია და გალა კონცერტი თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, კონკურსში საქართველოს ყველა რეგიონის საგუნდო კოლექტივები მონაწილეობდნენ და გორელებმა გრან-პრი მოიპოვეს, ასევე, გაიმარჯვეს ნომინაციაში - ,,ქართული სიმღერის საუკეთესო შესრულებისთვის“.

შეფასების სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, პირველი ადგილი და ვერცხლის მედალი დაიმსახურა ამავე სამუსიკო სემინარიის უმცროსკლასელთა გუნდმაც.

აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდს ნინო წიკლაური ხელმძღვანელობს. ნინო წიკლაური ნომინაციის - „საუკეთესო დირიჟორი, ქორმაისტერი“ - გამარჯვებული გახდა.

„ძალიან ბედნიერები ვართ, მეც, ბავშვებიც... კონკურსში გამარჯვება, სიხარულთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაა, მსმენელის წინაშე უდიდეს ვალდებულებას ვგრძნობთ და წარმატების თამასის დაწევის უფლება აღარ გვაქვს. ვამაყობთ, რომ არაერთ ნომინაციაში გავიმარჯვეთ და ამ პატარა ქალაქში რამდენიმე ჯილდო ჩამოვიტანეთ.

ეს კონკურსი ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თაობებისთვის. საგუნდო კოლექტივებს ზრდის, ხდება გამოცდილების გაზიარება, რეპერტუარის გაცვლა-გამოცვლა... ვისარგებლებ შემთხვევით და დიდი მადლობა საგუნდო საზოგადოებას, ყველას, ვინც ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას მხარს უჭერს“, - „გორის მაცნესთან“ აღნიშნა ქორმაისტერმა ნინო წიკლაურმა.

კვირის ამბები