საზოგადოება
19.10.2023 13:02
სოციალურად დაუცველ შრომისუნარიან პირებს, რომლებიც დასაქმებაზე რამდენჯერმე უარს იტყვიან, შესაძლოა, სოციალური დახმარება შეუჩერდეთ

სოციალურად დაუცველ შრომისუნარიან პირებს, რომლებიც დასაქმებაზე 2-3 ჯერ უარს იტყვიან, შესაძლოა, სოციალურად დაუცველის სტატუსი გაუუქმდეთ, - შესაბამის მექანიზმზე მუშაობა სახელმწიფოს უკვე დაწყებული აქვს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სოციალურად დაუცველის სტატუსი არ უნდა იყოს იმისკენ მიდრეკილი, რომ მოსახლეობამ არ იმუშაოს.

„სოციალურად დაუცველი სტატუსი არ უნდა იყოს იმისკენ მიდრეკილი, რომ მოსახლეობამ არ იმუშაოს. შრომისუნარიანი მოსახლეობა უნდა მუშაობდეს. სწორედ ამ მიზნით გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროში საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების პროგრამა, რომელმაც მინიმუმ, 2-3 წელი უნდა იმუშაოს. შემდეგში კერძო სექტორში არსებული ვაკანსიების ათვისება უნდა დავიწყოთ.

კერძო სექტორში ათასობით ვაკანსიაა, რომელსაც სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ იყენებს ის მოსახლეობა, რომელსაც აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი. ჩვენი მიდგომა იქნება, რომ ეტაპობრივად შევძლოთ, მაქსიმალურად დასაქმდნენ ეს ადამიანები და ნაცვლად სოციალურად დაუცველისა, თავიანთ შემოსავალზე იყვნენ დამოკიდებული. ცალკე თემა იქნება, რომ სოციალურად დაუცველებს, ვინც დასაქმდებიან, შევუნარჩუნებთ იმ პაკეტს, რაც სოციალურად დაუცველებს აქვთ, მაგრამ ამავე დროს, შრომისუნარიანი ადამიანები უნდა იყვნენ მიდრეკილები იქით, რომ კერძო სექტორში იმუშაონ,“ - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ

კვირის ამბები