კულტურა
19.10.2023 13:02
გორელ ფოტოგრაფთა კლუბი 10 წლის ხდება

გორელ ფოტოგრაფთა კლუბი 22 ოქტომბერს 10 წლის ხდება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ხელოვნების სახლში (გურამიშვილის ქ. №5), 17:00 საათიდან სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.

ორგანიზატორების ინფორმაციით, 17:00 საათზე კლუბის 12 წევრის (ანა ბარჯაძე, გიორგი აბრამიძე, კახაბერ ქარელიძე, ლევან ახალკაცი, მარიამ თოფჩიშვილი, მარიამ შალამბერიძე, ნიკა სომხიშვილი, ოთო გვრიტიშვილი, თამარა შოშიტაშვილი, თათა საბაშვილი, თინა კარელიძე, ტატო წიქარიძე) ნამუშევრების ფოტო-ბოქსების წარდგენა გაიმართება.

რაც შეეხება ღონისძიების პროგრამას, 18:00 საათზე დაგეგმილია თამარა შოშიტაშვილის ფოტო-ზინის პრეზენტაცია, რომელიც ავტორმა ხელოვნების სახლის პროექტის „თავისუფალი სახელოვნებო ინიციატივები“ ფარგლებში შექმნა. ზინში თამარა შოშიტაშვილის მიერ, სხვადასხვა პერიოდში გადაღებული ფოტოებია წარმოდგენილი, რომლებიც ფერებით და ფორმებით სამყაროს მიმართ ავტორის გრძნობებს და დამოკიდებულებებს გადმოსცემს.

18:30 საათზე კი, გორელ ფოტოგრაფთა კლუბზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართება.

19:00 საათიდან ხელოვნების სახლის სივრცე გორელ ფოტოგრაფთა კლუბის საქმიანობების მიმოხილვას და სამომავლო გეგმების პრეზენტაციას დაეთმობა.

20:00 საათზე, მარიამ შალამბერიძის პერსონალური გამოფენა „არქივი“ გაიხსნება.

ცნობისთვის, გორელ ფოტოგრაფთა კლუბის მიზანი ფოტოგრაფიის და ვიზუალური ხელოვნების ინდუსტრიის განვითარება, ახალგაზრდა არტისტების მხარდაჭერა და ვორკშოპების, სემინარების და სასწავლო პროგრამების ორგანიზების გზით, ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების ხელშეწყობაა.

კვირის ამბები