გუშინ საღამოს, შიდა ქართლში, ხაშურში მყოფმა 55 წლის კორეელმა მამაკაცმა საავადმყოფოს მიმართა. მას ტემპერატურის მატება აღენიშნებოდა და თავს ცუდად გრძნობდა. პაციენტი წუხელვე თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც აღნიშნული სამედიცინო დაწესებულების პათოლოგიის ცენტრში მოთავსდა.
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, პაციენტს ზემო სასუნთქი გზებიდან მასალა აუღეს ახალი კორონავირუსის ინფექციის ტესტზე და პასუხი დღის ბოლომდე იქნება.
„ინფექციური პათოლოგიის ცენტრში, ამჟამად, იმყოფება ერთი პაციენტი ახალი კორონავირუსით ინფექციის შესაძლო შემთხვევით. ის არის ეროვნებით კორეელი, 55 წლის მამაკაცი, რომელიც ჩამოვიდა კორეიდან საქართველოში. იგი იმყოფებოდა ხაშურში, სადაც თავი იგრძნო შეუძლოდ, ჰქონდა მაღალი სიცხე და ტემპერატურის მატება. ამ დილით აუღეს ზემო სასუნთქი გზებიდან მასალა ახალი კორონავირუსის ინფექციის ტესტზე და პასუხი იქნება დღის ბოლომდე“, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა.