საზოგადოება
19.10.2023 12:47
სოფელ ბერშუეთში საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ბერშუეთში საჯარო სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

 საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, გეგმის ფარგლებში, სამსართულიანი შენობის და ეზოს სრული რეაბილიტაციაა გათვალისწინებული. რემონტდება შენობის სახურავი და ფასადი. კეთილმოეწყობა საგანმანათლებლო დაწესებულების ეზო, სპორტული დარბაზი, მოედანი და რეკრეაციული სივრცე. მონტაჟდება კომპიუტერული ქსელი, სახანძრო სიგნალიზაციის, გათბობის, წყალ-კანალიზაციის და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემა. სასწავლო სივრცეების პარალელურად, სკოლაში იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და სასადილო, ამასთანავე, სკოლა სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის სრულად ადაპტირებული იქნება.

 „1 200 000 ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოები საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით, გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. შედეგად, 2024 წლის გაზაფხულიდან სრულად რეაბილიტირებული საგანმანათლებლო სივრცეებით 160 მოსწავლე და 32 თანამშრომელი ისარგებლებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სამუშაოებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს. რეაბილიტაციის პროცესს სააგენტოს დირექტორი ლევან სუხიტაშვილი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, სიმონ გულედანთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

ცნობისთვის, სამუშაოები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 1 მილიარდი ლარის ღირებულების, უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული პროექტი, ჯამში, 2027 წლისთვის 800 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

კვირის ამბები