საზოგადოება
19.10.2023 12:13
პროქტის - „დიაბეტის მქონე ბავშვთა უფლებების ხელშეწყობა“ ფარგლებში, გორში შეხვედრა გაიმართა

პროქტის - „დიაბეტის მქონე ბავშვთა უფლებების ხელშეწყობა“ ფარგლებში, გორში, ორგანიზაცია „ბილიკის“ საკონფერენციო დარბაზში, შიდა ქართლის რეგიონული შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო შეხვედრას პროექტის მენეჯერი, საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსის გამგეობის თავმჯდომარე სიმონ გაბრიჭიძე უძღვებოდა, რომელმაც მიზნობრივ აუდიტორიას გააცნო პროექტის ძირითადი მიზნები და საქმიანობები. ასევე, განიხილა პროექტის ფარგლებში ჩატარებული ბაზისური კვლევის ძირითადი მიგნებები, რომელიც დიაბეტის მქონე ბავშვთა და მათი ოჯახების საჭიროებებს და გამოწვევებს ეხებოდა.

მისი თქმით, პრობლემას წარმოადგენს რეგიონებში კვალიფიციურ ბავშვთა ენდოკრინოლოგებზე ხელმისაწვდომობა, ასევე, რეგიონებში მცხოვრები დიაბეტის მქონე ბავშვთა მშობლების დიდი ნაწილი (61%) ვერ ახერხებს რეგულარულად ბავშვის თბილისში გამოკვლევებზე ჩაყვანას. მშობლებმა არ იციან ტიპი 1 დიაბეტის შესახებ ინფორმაცია და მართვა.

„დიაბეტის მქონე ბავშვთა უფლებების ხელშეწყობა“ გრძელვადიანი პროექტია, რომლის ფარგლებშიც 4 ძირითადი შედეგის მიღწევა გვსურს. კერძოდ, სახელმწიფო პროგრამებში თუ კანონმდებლობაში უფრო მეტად იყოს ასახული ამ დაავადების მქონე ბავშვების და მათი ოჯახების საჭიროებები, როგორც განათლების, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით; გაუმგობესდეს მკურნალობის ხარისხი და გადავამზადოთ ბავშვთა ენდოკრინოლოგები და პედიატრები; სკოლებში მოხდეს ტიპი 1 დიაბეტის მქონე ბავშვების უკეთესად მართვა; მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება და მშობლების ინფორმირებულობის ზრდაც. ამ მიზნების მისაღწევად არაერთი აქტივობა გვაქვს დაგეგმილი“, -„გორის მაცნესთან“ საუბარში განაცხადა სიმონ გაბრიჭიძემ.

დიაბეტის მქონე ბავშვების გარემოში სრულფასოვანი ადაპტაცის აუცილებლობაზე „გორის მაცნესთან“ ისაუბრა ბავშვთა და მოზრდილთა ენდოკრინოლოგმა ლალი ლომსაძემაც.

„დიაბეტის მქონე ბავშვთა უფლებების ხელშეწყობის მიზნით, აუცილებელია ინფორმაცია მივაწოდოთ მშობლებს, რომ სწორად მართონ დაავადება. გარდა ამისა, სკოლებში, სადაც აღნიშნული დაავადების მქონე ბავშვები სწავლობენ, აუცილებელია სკოლის ექიმებმა და პედაგოგებმა გაიარონ ტრენინგები, რათა ამ ბავშვების ინტეგრაცია და ადაპტაცია იყოს სრულყოფილი, კერძოდ, მოზარდებს შეუძლიათ აქტიურად იყვნენ ჩართულნი ფიზიკურ აქტივობებში, შეუძლიათ სპორტზე, ცეკვაზე და ა. შ. სიარული. მათ ჩვეულებრივ უნდა განივითარონ ფიზიკური თუ გონებრივი შესაძლებლობები. მნიშვნელოვანია მთელი საზოგადოებისთვის დიაბეტის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის წარმოება - „დიაბეტის მქონე ბავშვებს ჭირდებათ მხარდაჭერა და არა შეცოდება“, - აღნიშნა ლალი ლომსაძემ.

ცნობისთვის, 30-თვიანი პროექტი - „დიაბეტის მქონე ბავშვთა უფლებების ხელშეწყობა“ დაფინანსებულია „დიაბეტის მსოფლიო ფონდის“ მიერ და „საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსი“ ახორციელებს. პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება.
კვირის ამბები