საზოგადოება
18.10.2023 13:53
„ნიკო კეცხოველის პრემია 2024“ დაიწყო

„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2024“ და ეკოკლუბების რეგისტრაცია დაიწყო.

ორგანიზატორების ინფორმაციით, 2023-2024 წლის საკონკურსო თემაა - იმოქმედე კლიმატისთვის.

ეკოკლუბები თავიანთ აქტივობებს გლობალური მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად გეგმავენ და ახორცილებენ. სწორედ ამგვარად, თითოეულ ეკოკლუბელს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს შერჩეული მდგრადი განვითარების მიზნის მიღწევაში.

„ნიკო კეცხოველის პრემია - სასკოლო ეკოკლუბების კონკურსია. კონკურსის მთავარი მიზანია, უკეთ დაგანახოთ, რომ საკუთარი ხელით შეგიძლიათ განახორციელოთ ცვლილებები და გააუმჯობესოთ ბუნებრივი და სოციალური გარემო. კონკურსში მონაწილეობის მიღებით თქვენ თავად გახდებით მდგრადი განვითარების პროცესის მონაწილენი. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ პროექტი არა მხოლოდ გამორჩეული ეკოკლუბების, ცალკეული მასწავლებლების თუ მოსწავლეების გამოვლენისა და დაჯილდოების შესაძლებლობას იძლევა, არამედ არის სკოლებისათვის ახალი შესაძლებლობების, ცოდნის მიღებისა და გაზიარების, პიროვნული ზრდისა და ორგანიზაციული განვითარების უწყვეტი პროცესი“, - აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, მსურველებს რეგისტრაცია ელექტრონულად: forestry . ge/ ge / registration შეუძლიათ.

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია CENN-ის მიერ, პროექტის – მწვანე კავკასია – ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.

კვირის ამბები