საზოგადოება
17.10.2023 13:28
საქართველოში პატიმრობისა და გირაოს გარდა, შესაძლოა, აღკვეთის ახალი ღონისძიება - გადაადგილების შეზღუდვა ამოქმედდეს

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული აღკვეთის ღონისძიების სახეების გაფართოების მიზნით, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი მომზადდა, რომლის მიხედვითაც პატიმრობისა და გირაოს გარდა, შესაძლოა, აღკვეთის ახალი ღონისძიება - გადაადგილების შეზღუდვა ამოქმედდეს.

პროექტის ინიციატორთა განმარტებით, ბრალდებულის მიმართ გადაადგილების შეზღუდვა შეიძლება გამოყენებულ იყოს დღე-ღამის განმავლობაში (24 საათიანი შეზღუდვა) ან დღე-ღამის გარკვეულ პერიოდში.

აღკვეთის ღონისძიების - გადაადგილების შეზღუდვის აღსრულება ელექტრონული მონიტორინგის საშუალებით მოხდება.

ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის თქმით, ელექტრონული მეთვალყურეობის გამოყენებით, ახალი ღონისძიების - გადაადგილების შეზღუდვის შემოტანა პატიმართა რაოდენობის შემცირებას შეუწყობს ხელს.

 

კვირის ამბები