გორელი ფსიქოლოგი, ფსიქოკონსულტანტი ევროპული სერტიფიკატით, თემურ სამხარაძე ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის (APA) წევრი გახდა.
როგორც „გორის მაცნესთან“ მან აღნიშნა, ამ მიზნის მისაღწევად შეგნებით, სურვილით, სიყვარულით და მოტივაციით მივიდა. მისი თქმით, ასოციაციის წევრობა შესაძლებლობაა, ამ დარგის სპეციალისტებს ჰქონდეთ წვდომა უახლეს კვლევებზე, ნაშრომებზე, სტატისტიკაზე და მაღალკვალიფიციურ ტრენიგებზე/ სასწავლო პროგრამებზე, რაც, თავის მხრივ, ამდიდრებს წევრებს მაღალკვალიფიციური ინფორმაციით და, შესაბამისად, საშუალება ეძლევათ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანაში ადგილობრივებს გაუზიარონ.
„APA წამყვანი სამეცნიერო და პროფესიული ორგანიზაციაა, რომელიც წარმოადგენს ფსიქოლოგიას შეერთებულ შტატებში. APA-ში 146000-ზე მეტი მკვლევარი, პედაგოგი, კლინიკოსი, ფსიქოკონსულტანტი და თერაპევტია გაერთიანებული. ევროპის ფსიქოლოგთა ასოციაციის და, ასევე, ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის (APA) სტანდარტით, მენტალური ჯანმრთელობის სფეროში მოღვაწე სპეციალისტი ვალდებულია, ჩართული იყოს უწყვეტი განათლების პროგრამაში, რაც წლის განმავლობაში გარკვეული აკადემიური სასწავლო საათების დაგროვებას გულისხმობს. ეს APA-სთან ჩემი ურთიერთობის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი და მიზანი იყო.
ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია გვთავაზობს ამ სფეროს სპეციალისტებისთვის უწყვეტი განათლების პროგრამას. წევრობისთვის კი აუცილებელია მათ მიერ დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილება.
ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ჩვენს ყოვედღიურობას განაპირობებს. შესაბამისად, მასზე ზრუნვას და სწორი მკურნალობის დაგეგმვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. საქართველოში ჩვენ არ გვაქვს მექანიზმი, რომელიც არეგულირებს მენტალური ჯანმრთელობის სფეროს. შესაბამისად, ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანებს არაკვალიფიციურ ფსიქოლოგიურ დახმარებას იღებენ, რაც ძალიან გულსატკენია ჩემთვის. სწავლის პროცესში გავაცნობიერე რა კვალიფიციური ფსიქოლოგიური დახმარების როლი და საჭიროება ადამიანის ცხოვრებაში, გდავწყვიტე კეთილსინდისიერად გამეგრძელებინა ჩემი მოღვაწეობა ამ ეტაპზე სწავლის და, შესაბამისად, ფსიქოგანათლების გაზიარების კუთხით. ფსიქოლოგი არ არის ფსიქოკონსულტანტი და, მითუმეტეს, ფსიქოთერაპევტი, რაც ხშირად ეშლებათ ზოგჯერ შეგნებულად და ზოგჯერ შეუგნებლად. ფსიქოკონსულტანტი ვერ გახდები და არ ხარ, თუ არ გაქვს პოსტდიპლომური განათლება, რაც შეეხება ფსიქო თერაპიას აქ კიდევ უფრო მეტად კომპეტენტურობა და საბაკალავრო/სამაგისტრო სწავლის შემდგომ მინიმუმ 4-წლიანი საგანმანათლებლო საფეხურია გასავლელი“, - „გორის მაცნესთან“ საუბარში აღნიშნა თემურ სამხარაძემ.
ცნობისთვის, თემურ სამხარაძემ დაამთავრა საპატრიარქოს უნივერსიტეტი, შემდეგ სწავლა გააგრძელა მენტალური ჯანმრთელობის და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიაში ფსიქოკონსულტირების მაკვალიფიცირებელ პოსტდიპლომურ საფეხურზე, რომელიც ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ერთადერთი EAPTI – ფსიქოთერაპიის აკრედიტებული სატრენინგო ინსტიტუტია.