17 ოქტომბერი ვეტერანის დღეა. აღნიშნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს მასშტაბით იმართება და მასში როგორც ვეტერანები, ასევე მათი ოჯახის წევრები მონაწილეობენ.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსის, ზვიად საბაშვილის ინფორმაციით, გორის ოფისში ვეტერანები დილიდან შეიკრიბნენ და სამშობლოსთვის თავდადებული გმირები გაიხსენეს, პატივი მიაგეს გარდაცვლილ ვეტერანთა ხსოვნას, იგეგმება შეხვედრა გორის საბრძოლო დიდების მუზეუმშიც, ასევე, სპორტული ღონისძიებები, კერძოდ, შეჯიბრებები მკლავჭიდში, ჭადრაკსა და ნარდში.
როგორც „გორის მაცნესთან“ ზვიად საბაშვილმა აღნიშნა, შიდა ქართლში 976000 პიროვნებაა ვეტერანის სტატუსის მატარებელი და მათი ღვაწლის დაფასება ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
„ვეტერანებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა და მათ მიმართ მადლიერების გამოხატვა იმ ფასდაუდებელი ღვაწლისთვის, რაც ქვეყნისთვის გაიღეს. შემწეობა, რომელსაც ვეტერანები სახელმწიფოსგან ყოველთვე 22 ლარის ოდენობით იღებდნენ, გასული წლის იანვრიდან გაიზარდა და 100 ლარს შეადგენს, მომავალშიც განიხილება შემწეობის მატება, ასევე, არაერთი შეღავათით სარგებლობენ როგორც ვეტერანები, ისე მათი ოჯახის წევრები“, - აღნიშნა ზვიად საბაშვილმა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, დღეს, 17 ოქტომბერს, ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები, საქართველოში მოქმედ მუზეუმებში საფასურის გადახდის გარეშე დაიშვებიან.
შეგახსენებთ, რომ ვეტერანის დღე 2014 წელს დაარსდა და წელს მეცხრედ აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც, შემდგომში, ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.