გორში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში, პირველი შეჯიბრი ვაჟთა შორის ფრენბურთში ჩატარდა.
სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში მოსწავლეები საქართველოს ყველა რეგიონიდან ასპარეზობენ. რაც შეეხება გორს, 50-მდე სკოლის 1000-მდე მოსწავლეა ჩართული.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შეჯიბრება სპორტის შვიდ სახეობაში და ერთ სპორტულ აქტივობაში (ფრენბურთი, მინი-ფეხბურთი, გეზრბენი, მაგიდის ჩოგბურთი, ხელბურთი, 3X3 კალათბურთი, ბადმინტონი და მხიარული სტარტები) იმართება.
„მუნიციპალური ეტაპის შემდეგ, რომელიც დეკემბერში სრულდება, გაიმართება ზონალური შეჯიბრებები. ფინალურ ეტაპზე ყველა სახეობაში და დისციპლინაში ქვეყნის მასშტაბით გამარჯვებული გუნდები გამოვლინდებიან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მომავალი წლის ზაფხულამდე გრძელდება