საზოგადოება
16.10.2023 16:47
დღის და ღამის საათებში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ჯარიმები გაიზრდება

საქართველოს პარლამენტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს განიხილავენ, რაც აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებულ დარღვევებს უკავშირდება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით უკვე განიხილა აღნიშნული ცვლილებები.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გავალისწინებული ცვლილებებით იგეგმება ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრება დღის და ღამის საათებში საცხოვრებელ სახლებში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის.

პროექტის თანახმად, აღნიშნული ქმედება პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში - 1500 ლარის ოდენობით. განმეორების შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირების შემთხვევაში 500 ლარის ოდენობით განისაზღვრება, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში - 5000 ლარის ოდენობით; ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების მესამე და ყოველი მომდევნო ჩადენა, ფიზიკური პირისათვის გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში - 10 000 ლარით.

როგორც პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, ამჟამად არსებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს პრევენციულ ეფექტს. მაია ბითაძის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე მეტყველებს ხმაურის დონის ინდექსის გადამეტებასთან დაკავშირებით მოსახლეობის მხრიდან მაღალი მიმართვიანობა.

კვირის ამბები