საზოგადოება
16.10.2023 16:02
ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ბაზაზე კიბოს მობილური სკრინინგ ცენტრი ჩამოყალიბდა

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ბაზაზე, იაპონიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, კიბოს მობილური სკრინინგ ცენტრი ჩამოყალიბდა.

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცენტრი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურება. ადგილობრივებს სამედიცინო მომსახურების და სხვადასხვა სახის კვლევის ადგილზე ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ.

ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, იაპონიის ელჩი საქართველოში იშიზუკა ჰიდეკი, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი მეუფე ისაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, შიდა ქართლის ჯანდაცვის ორგანიზაციების და UNDP-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„იაპონიის საელჩოსთან მრავალი წელია აქტიურად ვთანამშრომლობთ და პარტნიორობის კარგი გამოცდილებაც გვაქვს. ცოტა ხნის წინ, საგრანტო პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი ამბულატორია თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით აღიჭურვა. ჩვენთვის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ერთობლივი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია, მითუფრო, როდესაც საქმე საოკუპაციო ხაზის სოფლებს და აქ მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებს ეხება. ვიმედოვნებ, მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომოლობას და ჩვენი მოსახლეობისთვის არაერთ საჭირო პროექტს ერთობლივად განვახორციელებთ“, - აღნიშნა შიდა ქართლის რწმუნებულმა.

ცნობისთვის, მობილური კლინიკა სოფლებში წინასწარი განრიგის მიხედვით იმოძრავებს.

კვირის ამბები