საზოგადოება
20.02.2020 13:19
ფერმერებისა და სოფლის მეურნეობის დარგით დაინტერესებული პირებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით შიდა ქართლის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ფერმერებთან და სოფლის მეურნეობის დარგით დაინტერესებულ პირებთან ერთად, სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი და შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული ესწრებოდნენ.

სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა აღნიშნა, რომ უწყება სოფლის მეურნეობის ყველა რგოლის მხარდაჭერაზე ორიენტირებულ არაერთ პროგრამას ახორციელებს და სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების შესახებ ფერმერთა ინფორმირების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა ჩართულობას გაუსვა ხაზი.

 „ფერმერებისა და ზოგადად, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა და განვითარება შიდა ქართლის რეგიონის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიციებული სახელმწიფო პროგრამების სარგებლიანობის კუთხით, შიდა ქართლი ერთ-ერთი ლიდერი რეგიონია, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მცირე ბიზნესისა და წარმოების განვითარებას. მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია თითოეული დაინტერესებული პირისთვის, რათა მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და სწორად დაგეგმონ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სამომავლო საქმიანობა,“ - აღნიშნა შიდა ქართლის რწმუნებულმა, გიგი ხოჯევანიშვილმა.

შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაციებიც წარმოადგინეს.

კვირის ამბები