საზოგადოება
12.10.2023 14:48
გორის მუნიციპალიტეტის მერი გორთან დამეგობრებული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა
გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გორთან დამეგობრებული მუნიციპალიტეტების - ოჟიშის (პოლონეთი) და უთენის (ლიეტუვა) წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას, ოჟიშის მერი ზბიგნევ ვლოდკოვსკი და უთენის ვიცე-მერი დაივა პეციონე, დელეგაციების წევრებთან ერთად დაესწრნენ.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებთან ერთად, მიმდინარე პროექტებიც განიხილეს.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, საქმიან ვიზიტთან ერთად, ოჟიშის და უთენის დელეგაციის წარმომადგენლები „ღვინის დღეები“-ს და „გორის დღე 2023“-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებშიც მონაწილეობდნენ, დაათვალიერეს ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია. გარდა ამისა, ქართულ სამზარეულოს, ღვინის წარმოების ტრადიციას და ფოლკლორს გაეცნენ. მუნიციპალიტეტის პოტენციალის გაცნობის მიზნით, მოინახულეს ღირსშესანიშნაობებიც.

სტუმრებმა მოინახულეს გორის ბაგა-ბაღები, ადგილობრივი ოსტატის გივი ტატულაშვილის კერამიკის სახელოსნო და გორის გოგონათა გუნდის რეპეტიციასაც დაესწრნენ.

„გორის მუნიციპალიტეტის მერია ოჟიშის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით უკვე ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სისტემაში პოლონეთის წარმატებული გამოცდილების და პრაქტიკის გაზიარება. ადგილობრივი თვითმმართველობა დამეგობრებულ ქალაქებთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, პროექტის ფარგლებში გორში სტუმრად პოლონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ვარმინსკო-მაზურის რეგიონის პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ექსპერტებიც იმყოფებოდნენ.
კვირის ამბები