საზოგადოება
12.10.2023 14:39
საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების სასერტიფიკაციო გამოცდების მეორე ეტაპი იწყება

საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების სასერტიფიკაციო გამოცდების მეორე ეტაპი იწყება.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, გამოცდების პირველი ეტაპი სექტემბერში ჩატარდა, ხოლო მეორე ეტაპი ოქტომბრის ბოლოს გაიმართება.

რაც შეეხება გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაციის პროცესს: გამოცდაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 14-დან 20 ოქტომბრის ჩათვლით დისტანციურად ვებგვერდზე registration. cec. gov. ge, ან მიმართონ საგამოცდო ცენტრებს შემდეგ მუნიციპალიტეტებში: თბილისი, გორი, გურჯაანი, სიღნაღი, თელავი, რუსთავი, ბოლნისი, თეთრიწყარო.

გამოცდები კი 25 ოქტომბრიდან დაიწყება.

„განხორციელებული საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების სასერტიფიკაციო გამოცდები წელს პირველად ტარდება. რეფორმის თანახმად, სერტიფიკატის ფლობა სავალდებულოა საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების ასარჩევად (საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა), აღნიშნული კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საუბნო საარჩევნო კომისიების კიდევ უფრო კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებას.

სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით და მისი ხანგრძლივობა 1 საათია. გამოსაცდელისთვის ელექტრონულ პროგრამაში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეირჩევა 24 საგამოცდო ტესტი, ყოველ საგამოცდო ტესტზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 15 ქულა. სერტიფიკატის მოქმედების ვადა კი განისაზღვრება გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის ვადით“, - აცცხადებენ ცესკოს ადმინისტრაციაში.

ცნობისთვის, საარჩევნო ადმინისტრაცია უახლოეს მომავალში, ასევე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სერტიფიცირებას განახორციელებს.
კვირის ამბები