XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე გორში აფთიაქი არ ყოფილა. ერთადერთი სააფთიაქო დაწესებულება, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალთან ფუნქციონირებდა, ძირითადად, ჩინოსნებს ემსახურებოდა და თანაც, ამ აფთიაქის მედიკამენტების წლიური ნორმა მხოლოდ 50 კაცზე იყო გათვლილი.
XIX საუკუნის მეორე ნახევარში, 1880 წელს გახსნილა გორში კერძო აფთიაქიც, რომელსაც დიდხანს ვერ უმუშავია., ასევე, ყოფილა რამდენიმე კერძო სავაჭრო, სადაც თვითნებურად ხდებოდა წამლების გაყიდვა.
XX საუკუნის დასაწყისში კი, 1908 წელს გახსნილა გორში, მეფის ქუჩაზე, ნიკო დიასამიძის სახლში აფთიაქი. აღნიშნული აფთიაქი ქალაქის იმჟამინდელ თვითმმართველობას გაუხსნია და ხელმძღვანელად გორელი პროვიზორი ივანე კვალიაშვილი დაუნიშნავთ.
აფთიაქი იჯარით ყოფილა გაცემული და მოიჯარე ადგილობრივ თვითმმართველობას 900 მანეთს უხდიდა. იჯარის თანხის გარდა, მოიჯარეს ვალდებულება ჰქონდა, რომ ღარიბ მოსახლეობაზე 200 მანეთის წამლები უფასოდ გაეცა. ამგვარ ვალდებულებებს მძიმე მდგომარეობაში ჩაუყენებია აფთიაქი და მისი არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარა, რის გამოც, თვითმმართველობას იჯარის თანხა 900-დან 400 მანეთამდე შეუმცირებია, თუმცა, ამის პარალელურად, ღარიბებზე უფასოდ გასაცემი მედიკამენტების რაოდენობა 300 მანეთამდე გაუზრდია. სულ მალე კი, მოსახლეობის სიღარიბის გათვალისწინებით, უფასოდ გასაცემი წამლების თანხა 500 მანეთი გამხდარა, რის გამოც აფთიაქი ძლივს არსებობდა.
/მომზადებულია GMnews-ის მიერ ისტორიკოს ელდარ მამისთვალიშვილის წიგნის - ,,გორის ისტორია“ მიხედვით. ფოტოზე - ძველი გორის ერთ-ერთი უბანი/