დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელა, რომლის თანახმადაც აგროტურიზმის წარმომადგენლები საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან.
როგორც კანონპროექტია აღნიშნული, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფლდება აგროტურისტული და ღვინის ტურისტული სუბიექტების საქმიანობის ფარგლებში პირის მიერ მიღებული შემოსავალი და გაცემული ხელფასი. ცვლილება შეეხება იმ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი არ აღემატება 700 000 ლარს.
„საქართველო ღვინის სამშობლოა და შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებას ხელი შევუწყოთ. სწორედ ამიტომ დადგინდება საგადასახადო შეღავათები, რომლითაც ისარგებლებენ ღვინის და აგროტურიზმის სტატუსის მქონე პირები, რასაც ერთ-ერთი წამახალისებელი ეფექტი ექნება შესაბამის საქმიანობაში ჩართული პირებისთვის“, - განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა.