საზოგადოება
12.10.2023 12:06
საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რობინ დანიგანი საქართველოში ჩამოვიდა

აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დანიშნული რობინ დანიგანი საქართველოში ჩამოვიდა და მოვალეობის შესრულებას შეუდგება. დანიგანმა ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი შეცვალა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის კანდიდატურა 2023 წლის 14 თებერვალს წარადგინა, 28 ივლისს კი, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა რობინ დანიგანის დანიშვნას მხარი დაუჭირა.

საქართველოში ელჩად დანიშვნამდე, დანიგანს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობა ეკავა. იგი მუშაობდა ვენაში, ავსტრიაში, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, დროებითი და მისიის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. ის იყო ენერგეტიკული რესურსების ბიუროში მდივნის თანაშემწის მოადგილე. დანიგანი მუშაობდა აშშ-ს საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში.

დანიგანი არის სახელმწიფო დეპარტამენტის არაერთი ჯილდოს მფლობელი. იგი კალიფორნიის მკვიდრია, რობინ დანიგანი სწავლობდა ჯორჯთაუნის და ბერკლის  უნივერსიტეტებში.

კვირის ამბები